ჯანსაღი ცხოვრება ძვირია

ლონდონში 560 საჯარო აუზია. დიდი კონკურენციის გამო ფასები დაბალია. მომსახურების დონის მიხედვით, დღიური გადასახადი ორიდან თხუთმეტ გირვანქამდე მერყეობს, ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება კი 60-150 გირვანქაა. ბევრად ნაკლები – 38 საჯარო აუზია პარიზში. ფასები ლონდონთან შედარებით, მაღალია. ნიუ იორკში, მხოლოდ მანჰეტენზე, 53 საჯარო აუზია, ფიტნეს ცენტრები ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ და, დიდი კონკურენციის გამო, აქაც საკმაოდ დაბალი ფასებია. გარდა ამისა, კლუბის წევრებისთვის წარმოუდგენელი ფასდაკლებებია – საშობაოდ, მანჰეტენის ყველაზე ფეშენებელური გამაჯანსაღებელი ცენტრი, ერთი თვის აბონემენტის (400 დოლარი) შეძენის სანაცვლოდ, ხუთთვიან უფასო მომსახურებას სთავაზობდა მომხმარებელს.

თბილისში რამდენიმე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, ყველა თითქმის ერთნაირ სერვისს გვთავაზობს. განსხვავება მხოლოდ ფასში, დიზაინსა და ატმოსფეროშია. თითქმის ყველა კომპლექსს აქვს სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა, ჯაკუზი და მასაჟის სალონი.თუ შევუფარდებთ გამაჯანსაღებელი კომპლექსების მიერ შემოთავაზებული სერვისის ხარისხსა და ფასს, გამოვა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი თბილისში გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ლონდონში, პარიზში ან ნიუ იორკში. ამის გამომწვევ მიზეზთაგან ერთ-ერთი და უმთავრესი, თბილისში ასეთი ობიექტების სიმწირე და, მაშასადამე, სუსტი კონკურენციაა. სანამ ბაზარზე სულ რამდენიმე ერთმანეთის მსგავსი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ფუნქციონირებს, სამომხმარებლო სტანდარტებსაც და ფასებსაც ისინი დააწესებენ.  


შერატონ მეტეხი პალასის 0 სართულზე მდებარე მცირე ზომის სპორტული კომპლექსი ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით არის მოწყობილი. აქვს ფინური მშრალი საუნა, მასაჟის სალონი და Techno Gym-ის ტრენაჟორებით აღჭურვილი სატრენაჟორო დარბაზი. სასტუმროში ასევე არის 2 აუზი – ღია 14მx16მ და დახურული, მრგვალი, 9მ-ის დიამეტრით. ორივე აუზის სიღრმე 1,5 მეტრია. „აქ ძალიან მშვიდი ატმოსფეროა, შეგიძლია დაისვენო, ივარჯიშო და არავინ შეგაწუხებს”, ამბობს 32 წლის გიორგი ქავთარაძე. ერთი თვის ფასი 236-დან 384 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია სხვადასხვა მომსახურების პაკეტზე. ერთადერთი, რაც შეიძლება არ მოგეწონოთ, სატრენაჟორო დარბაზში ჩართული რუსული საესტრადო მუსიკაა, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ.


ჭავჭავაძის 49ა-ში მდებარე კომპლექსი „ნეპტუნი” ცნობილია აუზის სახურავით, რომელიც ზაფხულში იხსნება და ზამთარში იხურება. კომპლექსს აქვს სატრენაჟორო დარბაზი და საუნა. მის ტერიტორიაზე 2 აუზია – 25მx12მ, სიღრმე 2მ, და საჭყუმპალაო აუზი 3მx12მ-ით, სიღრმე 80 სმ. ნეპტუნში დაგხვდებათ მშვიდი გარემო, სტუმართმოყვარე პერსონალი და, სერვისთან შედარებით, ოდნავ მაღალი ფასები – 170-დან 450 ლარამდე.


თბილისის აუზებს შორის ყველაზე ადეკვატური, როგორც სერვისის, ისე ფასის მხრივ, ვაკის საცურაო აუზია. კოპლექსს უმაღლესი ხარისხის სერვისი და მრავალი დამატებითი მომსახურება აქვს – აქუა აერობიკა, მასაჟი, საცეკვაო აერობიკა, პილატესი (სუნთქვითი ვარჯიშები), იოგა, სპინინგი, ტაიჩი (იოგას ნაირსახეობა), სამედიცინო ტანვარჯიში და „დაივინგის” გაკვეთილები. აქ არის ოლიმპიური ზომის აუზი (50მx 21მ), რომელიც ყოველ 5 საათში ერთხელ ულტრაიისფერი სხივებით და ყოველ ღამე სპეციალური წყალქვეშა რობოტით იწმინდება. 5 და 10-მეტრიანი სახტუნაო, 2 ცხელი და ცივი ჯაკუზი, ორთქლის, რუსული და 2 ფინური საუნა. ტერიტორიაზე არის საბავშვო აუზიც, დიეტური კაფე, სილამაზის და მასაჟის სალონები, კოსმეტოლოგის კაბინეტი და სოლარიუმი. აუზის სტუმრობა და ფიტნეს კლუბის წევრობა, ერთი თვით, 240-დან 350 ლარამდე დაგიჯდებათ.


პრაიმ ფიტნესის ვაკის ფილიალში (მის. ჭავჭავაძის 78) თქვენს განკარგულებაშია შენობის მეორე სართულზე Nautilus და Stairmaster-ის ტექნიკით აღჭურვილი დიდი სატრენაჟორო დარბაზი. პირველ სართულზე განთავსებულია სოლარიუმი, გასახდელები, მშრალი და ორთქლის საუნები, ცივი და ცხელი ჯაკუზი, მასაჟის კაბინეტი, იოგის, აერობიკის, აქუა აერობიკის კურსები და მცირე ზომის საცურაო აუზი. პრაიმ ფიტნესს კიდევ ერთი სატრენაჟორო დარბაზი აქვს გლდანის პირველ მიკრორაიონში და ვ. გორგასლის N 75- ში მდებარე საჩოგბურთო კლუბში. ფასები 100-დან 230 ლარამდე მერყეობს.
წყარო: http://www.tabula.ge/article-1855.html

Leave a comment

Filed under სტატიები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s